ვინც მიცნობს, იცის ჩემი უცნაური გატაცების ამბავი. ძველი პრესის კითხვა მიყვარს. დღეს 1918 წლის გაზეთებს გადავაწყდი და რამდენიმე მონაკვეთი პირდაპირ, ემოციების, განცდების, შენიშვნების და კომენტარების გარეშე გადმომაქვს ბლოგზე.
საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა – გაზეთი „საქართველო“ კვირა, 1918 წელი მაისის 26
დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!
დღეიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება აღდგენილია.
გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ქართველ ერს!
საქართველოს ყოველი ნაწილი, ქართველი ერის ყოველი საზოგადოებრივი წრე, ჯგუფი, ქედს მოიხრის საქართველოს აღდგენილი თავისუფლების წინაშე.
ქართველი ხალხი – სოფლის მეურნე, ქალაქის მუშა, ხელოსანი თუ ვაჭარ-მრეწველნი ერთსულოვნად უნდა შემოკრბენ საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის. ყოველი კლასის, ყოველი ჯგუფისა და თვითეული ქართველი მამულიშვილის მხნე და თავგანწირული მოქმედებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების მტკიცე ნიადაგზე დასამყარებლად.
მთელი ერის საქმიანი ამოძრავებაა საჭირო, რომ ჩვენმა სამშობლომ დროზე დაახწიოს თავი დღევანდელ ეკონომიკურ ჩამოქვეითებას, ფინანსურ გასაჭირს, ანარქიას და უწესრიგობას.
ხალხის ამოქმედება მეურნეობის აღსადგენათ და ასაყვავებლად, მრეწველობისა და აღებ-მიცემობის გასაცხოველებლად, ხალხის ქონებრივის და კულტურულ კეთილდღეობას დასამყარებლად მოითხოვს ეროვნული ცხოვრების მშვიდობიან პირობებს.
დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგება ოსმალეთთან და მის მოკავშირეებთან და აგრეთვე ყველა მის მეზობელ ერებთან მშვიდობიანი განწყობილების დამყარებას. საქართველოს არ დაუწყია ომი და არც უწარმოებია ის. ომი დაწყებული იყო იმ რუსეთის მთავრობის მიერ, რომელმაც უხეში ძალით გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრივობა. ომი გამოცხადდა დაუკითხავად ქართველი ერისა და წინააღმდეგ მისი სურვილისა. ეს ომი განაგრძო ამიერკავკასიის რესპუბლიკამ, რომლის ფარგლებიდან დღეს გამოდის საქართველო.
ქართველ ერს სურს მშვიდობიანს და მეგობრულს განწყობილებაში იყოს ოსმალეთთან. ოსმალეთის აზრიც მრავალჯერ სმენია ქართველ ხალხს, რომ მას არ სურს ომი საქართველოსთან, რომ ოტტომანთა მთავრობას საქართველოსთან შეთანხმება და მეგობრული განწყობილების დამყარება აქვს მიზნად. საუკუნეთა მაგალითები გვარწმუნებს, რომ ასეთი გზა ორივე ქვეყნისთვის არის საიმედო და სასარგებლო.
ოსმალეთთან მორიგებით, მასთან და მის მოკავშირეებთან შეთანხმებით, საქართველო უზრუნველყოფს ყველა თავის საზღვრებს და თავისუფალ სახელმწიფოებრივ განვითარებას. საქართველოს იმედი აქვს, რომ ძლიერი გერმანეთი ამის გარდა გაუწევს მას პოლიტიკურ მფარველობას და დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს სუსტ ქვეყანას ეკონომიკურ ფინანსური ცხოვრების მოგვარებაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკურად მოწყობილი და ეკონომიკურად მოღონიერებული საქართველო საიმედო ბაზა იქნება იმ უდიდესი ეკონომიკურ-კულტურული მსვლელობისათვის, რომელიც შუა ევროპიდან მომდინარეობს.
დამოუკიდებელ საქართველოს ამჟამად მრავალი მტერი ჰყავს შინ და გარედ, მაგრამ მთელი ერი იქნება დამცველი სამშობლოს თავისუფლებისა. ქართველი მხედრობა იქნება ფხიზლი დარაჯი საქართველოს დამოუკიდებლობის.
ამიერიდან საქართველოს ჯარებს საქართველოს დროშა წარუძღვება წინ და ქართველი მხედარი ვერ უღალატებს მრავალსაუკუნეთა ქარცეცხლში გამომწვარ სახელოვან ეროვნულ დროშას.
საქართველოს სახელმწიფოებრივობის აღდგენა და საქართველოს ეროვნული დროში გაშლა აღადგენს ერში საუკუნის მონობის დროს მიყუჩებულ მამულიშვილურ გრძნობებს, სამშობლოსთვის თავდადებას და თავგანწირულებას. ქართველი მხედრობა ღირსეულად განაგრძობს სახელოვან წინაპართა გზას და მტკიცედ დაიცავს საქართველოს მიწა-წყალს, მის თავისუფლებას და ეროვნულ მთავრობას, რომელიც ამ საიმედო ძალაზე დაყრდნობილი შეუდგება ჩვენი დაუძლურებული ეროვნული ცხოვრების აშენებას და აღდგენას.
საქართველოს მამულიშვილნო! საშინელს მსოფლიო ქარტეხილს, შინაურ და გარეშე ბრძოლაში საქართველოს თავისუფლება იშვა. შემოკრბით ყველანი მის დასაცავად, ასაყვავებლად.
გაუმარჯოს განთავისუფლებულ საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ერს!