როგორ წერდა მიხეილ ჯავახიშვილი

„უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.“ – მიხეილ ჯავახიშვილი

ყველა მწერალს სიუჟეტის მოფიქრების, დამუშავების, ფურცელზე გადატანისა და საბოლოო სახემდე მიყვანის ინდივიდუალური მეთოდი აქვს. ამიტომაც მიყვარს ინტერვიუების, პირადი წერილების, ბიოგრაფიული რომანებისა თუ ესეების კითხვა, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვებიან.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერებს გადავაწყდი, სადაც არა მარტო წერის, არამედ მთლიან სამუშაო პროცესს აღწერდა.

მიხეილ ჯავახიშვილი მწერლობას ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ ნაწილებად ჰყოფდა და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ტერმინ „შემოქმედების ფსიქოლოგიაზე“ ამახვილებდა. ჯავახიშვილის აზრით, მწერლის ფსიქოლოგიის გაგება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც წერს თავის გამოცდილებაზე, იქნებ ვინმეს გამოადგესო.

მწერალი იხსენებს, რომ მხატვრობა უნდოდა, თუმცა, მოგვიანებით ლიტერატურით დაინტერესდა, მანამდე მამის თხოვნით აგრონომობას სწავლობდა, მაგრამ სკოლის დირექტორის რჩევით, ამ საქმეს თავი დაანება.

ცნობილია, რომ ყმაწვილობაში მიხეილ ჯავახიშვილს, რუსეთში გატარებული წლების გამო, ქართულად ლაპარაკი უჭირდა, რის გამოც, ილია ჭავჭავაძემ დასცინა კიდეც. იქვე, მის მახლობლად მდგომთაგანს  უხერხულობის გასაქარწყლებლად ისიც კი უთქვამს, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ მწერლური ნიჭი ურიგო არ აქვსო. მოგვიანებით მიხეილ ჯავახიშვილი იხსენებდა, იმ დროს მწერლობაზე ნაფიქრიც კი არ მქონდა და არც კი ვიცი ვინ იყო ის ადამიანი ან ეს რატომ თქვაო.

მიხეილ ჯავახიშვილი ქართულის სწავლის ამბავსაც ჰყვება პირად ჩანაწერებში და ცნობილ მწერალს, იოსებ იმედაშვილს „ქართულის ნათლიასაც“ უწოდებდა. თუ მისი მონათხრობით ვიმსჯელებთ, იმედაშვილი თანამედროვე გაგებით ბუკინისტი უნდა ყოფილიყო. ჯავახიშვილის თქმით, იოსებ იმედაშვილს წიგნის დუქანი ჰქონდა და სწორედ მისგან მიჰქონდა ქართულის წიგნები. ამას გარდა, იმედაშვილი „ჩანჩურას“ პირველმკითხველიც იყო და სწორედ მან გაგზავნა ეს ნაწარმოები „ცნობის ფურცელში“.

*   *  *

წლების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილი თავისი შემოქმედების მთავარ ღერძად დაკვირვების უნარს მიიჩნევდა და ამბობდა – პროზაიკოსისთვის დაკვირვების უნარი ფრთებს უდრისო.

„შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს, მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე. ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი.

მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს“, – წერს მიხეილ ჯავახიშვილი წერილებში.

დაკვირვებასთან ერთად, მწერლის მთავარ თვისებად პირადი გამოცდილება, ანუ როგორც თვითონ ამბობდა, ავტობიოგრაფიული დუღაბიც, მიაჩნდა. მისი აზრით, ყველას შეუძლია წერის ტექნიკის სწავლა, ამბის მოფიქრება, მაგრამ ნაძალადევად მოგონილი ამბავი მწერლის მარცხად მიაჩნდა.

მას თუ კითხავდით,  მხოლოდ მწიგნობრობამ და დიდმა ცოდნამ შეიძლება მწერალს ზიანი მოუტანოს, ხელოვანად კი არა, ხელოსნად აქციოს და წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას რომ არ უდრიდეს, მოგზაურობაა საჭიროო.

მოგზაურობით კი ბევრი უმოგზაურია და თავისი გმირების პროტოტიპებიც უცნობ-ნაცნობებისგან შემოუკრებია. ამბობდა, სინთეტურ ტიპებს ვქმნიო და მისი გმირები, ჩანჩურა, მეჩექმე გაბო, კურკა, ლამბალო თუ სხვები ცხოვრებაში შეხვედრილი ადამიანები იყვნენ.

ჯაყო კი წლების წინ ჯავის ხეობაში ნანახი ცბიერი, ხარბი, უცნაური კაცისა და ინჟინერი ფიდო ყაზბეგის მონაყოლი ანეკდოტის სინთეზი გახდა.

„ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.

არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ.

ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაიძე თავადი მელიქიშვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა.

მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, – გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ; ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება” (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი” – პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი” – შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ” -სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი’ – პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ“, – იხსენებდა ჯავახიშვილი.

…მიხეილ ჯავახიშვილს მწერლობაზე, ენის ცოდნასა თუ კონკრეტულ ნაწარმოებზე მუშაობაზე რამდენიმე დეტალური წერილი აქვს დაწერილი, მაგრამ იმის გამო, რომ მეგობრებმა მკაცრად ამიკრძალეს დიდი ტექსტების წერა, მერე აღარავინ წაიკითხავსო, აქ შევწყვეტ თხრობას და დანარჩენს მომდევნო პოსტში მოგიყვებით.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts

Cart