როგორ წამაკითხა ჯეიმზ ჯოისმა “ნაცნობ ქიმერათა ფერხული”

როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე – ჯოისის „ულისე“-ა ის ნაწარმოები, რომელსაც ან დიდად განსწავლულთა რიგებში მოსახვედრად კითხულობენ, ან ვინმეზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ანაც მაშინ, როცა კითხვისთვის თავის დანებება აქვთ გადაწყვეტილი. ამ სამიდან არც ერთის სურვილი არ მქონდა, ამიტომაც, იდო ნაყიდი „ულისე“ კარგა ხანს წიგნების კარადაში და პანდემიის კარჩაკეტილობამაც კი ვერ მიბიძგა თაროდან გადმოღებისკენ (თანაც, მძიმეა ეს ოხერი). როცა უკვე სიტყვა პანდემიაზე ბევრს ირონიულად ეცინებოდა დ გავეშებულები ვიგლეჯდით სახიდან ნიღბებს, ჩემმა მეგობარმა, ჯოისის მკვლევარმა, ძალიან კარგმა მასწავლებელმა და ლიტერატურის ავან-ჩავანის უბადლო მცოდნე ელისო ფანცხავამ „ულისეს“ საჯარო ლექციების ციკლი დააანონსა. ვიკადრე და ჩამოვიღე წიგნი თაროდან. მას შემდეგ, ხუთშაბათობით ვიკრიბებით და ისეთ დეტალებს განვიხილავთ „ულისე“-დან, დამოუკიდებლად ალბათ მეორე ან მესამე წაკითხვისას გაჭირვებით თუ მივაგნებდი. ან ვერც.

მოკლედ ასე, ის პერიოდია, ყველაფერში რომ ჯოისის უხილავ ხელს ვხედავ და გელა ჩარკვიანის რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუს მოვკარი ყური ტელევიზორში, ჩემს ახალ წიგნში, ჯეიმზ ჯოისის მსგავსად, ცნობიერების ნაკადის ტექნიკა მაქვს ერთ აბზაცში გამოყენებულიო. ასე მივედი „ნაცნობ ქიმერათა ფერხულამდე“ და იმ ერთი აბზაცის საპოვნელად დავიწყე კითხვა.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ავტობიოგრაფიული, დოკუმენტური პროზაა, უფრო მეტად კი, თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოდაც  გამოდგება, რადგან ბევრი ამბავია ისეთი, რომელიც დღევანდელობაში ან ამოშლილ-გამქრალია, ანაც სხვა ადამიანებისთვის მიწერილი.

წიგნში კარგად ჩანს როგორი რადიკალური საზოგადოება ვართ და როგორ შეგვიძლია ადამიანები ძალიან კარგებად ან ძალიან ცუდებად დავყოთ, ფაქტები და მოვლენები კი ამ სიმპატია-ანტიპატიის გამო გავაბაიბუროთ.

ავტობიოგრაფიები, ცხადია, ნებით თუ უნებლიეთ, შელამაზებულია. ჩვენი ნაკეთები საქმეები ყოველთვის უფრო დიდი ჩანს შიგნიდან, ვიდრე გარედან, მაგრამ აქ ისეთი ფაქტობრივი დეტალებია მოყვანილი, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, რუსეთის ახალი დღის წესრიგისა და უკრაინაში შეჭრის ფონზე, როცა ბევრს დაავიწყდა რა გზა გამოიარა საქართველომ და ვინ არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

“ნაცნობ ქიმერათა ფერხული” ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდს დეტალურად აღწერს. უფრო სწორად, შევარდნაძის საგარეო პოლიტიკას. ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ გელა ჩარკვიანი შიდა პოლიტიკაზე არ მუშაობდა, ან შეიძლება გამიზნულად აარიდა თავი უსიამოვნო ეპიზოდების გახსენებას და მხედრიონზე, კრიმინალზე და მსგავს ამბებზე ცოტაა მონათხრობი.

დღევანდელი მსოფლიო თუ შიდა პოლიტიკური გადმოსახედიდან კიდევ უფრო საინტერესო საკითხავია როგორ მიიწევდა საქართველო დასავლეთისკენ, როგორ ემზადებოდა ქვეყანა ევროპის საბჭოში გასაწევრიანებლად, ან თუნდაც ნატოში განაცხადის გასაკეთებლად მაშინ, როცა სახელმწიფოს ხაზინა ცარიელი იყო და საჯარო მოხელეები ბენზინს სამსახურებრივ მანქანებში საკუთარი ხელფასით ასხამდნენ ან სულაც ფეხით მიდიოდნენ დიპლომატებთან შეხვედრებზე. მეორე მხრივ კი, ვიღაცების ჯიბე კორუფციასთან ერთად იზრდებოდა, რუსეთი კი ყველა ფეხის ნაბიჯზე ხელს გვიშლიდა.

წიგნში შემოტანილია ბევრი ისეთი ამბავი, რომელიც დახურულ კარს მიღმა დარჩა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. მაგალითად, როგორ ითხოვდა რუსეთი ჩეჩნეთისთვის საქართველოდან შეტევას. „მითხრა [ედუარდ შევარდნაძემ], რომ დაუკავშირდა ელცინი და სთხოვა უფლება მიეცა რუსეთის საჯარისო შენაერთებისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან შეეტიათ ჩეჩნებისათვის. „მე უარი ვუთხარი. ეს ხომ დიდი კავკასიური ომის და მასში საქართველოს ჩართვას ნიშნავს-მეთქი. ელცინი მარტო არ იყო, ვიღაც კარნახობდა. ალბათ ახალი პრემიერი [პუტინი]. ამას არ დამივიწყებენ“… – ასეთი უამრავი ამბითაა სავსე „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“. ვიღაცისთვის ყველა ეს ამბავი ედუარდ შევარდნაძისთვის ხოტბის შესხმაა, ბევრი, შესაძლოა, გაღიზიანდეს კიდეც კითხვისას, რადგან საქართველოს მეორე პრეზიდენტი არ იყო ერთმნიშვნელოვნად დადებითი პერსონა, თუმცა, მოგონებებს, ისევე როგორც პერსონალურ შეფასებებსაც აქვს არსებობის უფლება.

„ნაცნობ ქიმერათა ფერხულში“ ბევრი საერთაშორისო პოლიტიკოსის თუ პოლიტოლოგის სახელი შეგხვდებათ. ზოგი მათგანი ახლაც რჩება პოლიტიკურ ველზე. კითხვისას ფილმის კადრებივით ენაცვლება მოვლენები ერთმანეთს. ალაგ-ალაგ სიმწრითაც გეღიმება ადამიანს, სადღაც სიამაყით კითხულობ რომ საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებდა რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ბევრი საერთაშორისო პროექტის ინიციატორიც იყო, შიმშილის, სიღარიბის, კრიმინალის და კორუფციის მაღალი დონის მიღმა.

ძალიან საინტერესოდაა აღწერილი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობის განვითარების ეტაპები, პირადი კონტაქტების როლი და ღირებულებების მნიშვნელობა. „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ერთი ადამიანის ავტობიოგრაფიასაც ცდება და ერთი ქვეყნის ისტორიასაც, მაგრამ თან კანდიდ ჩარკვიანის შვილის წიგნიცაა და ირაკლი ჩარკვიანის მამისაც. მთავარი სათქმელი კი მაინც ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ქვეყანა ვითარდება და ამის მიღმა ცალკეული ადამიანების უდიდესი ძალისხმევა დგას, რომელსაც შემთხვევით თუ გადავაწყდებით მემუარებში.

რას ვამბობდით ცნობიერების ნაკადზე? გელა ჩარკვიანთან ბოდიში, ამჯერად სხვა თემები იყო უფრო მნიშვნელოვანი. მაგაზე ისევ ჯოისთან ვილაპარაკოთ. მანამდე ახალი თავი გვაქვს ისტორიაში მისამატებელი. თანაც საინტერესო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts

Cart