გიფიქრიათ ადამიანებზე, როგორც კვირის დღეებზე? პერიოდულად მიტივტივდება ხოლმე ეს აზრი, ქუჩაში მანქანით ან ფეხით სიარულისას. შეხედავ ადამიანს და აწერია – გამარჯობა, მე ორშაბათი ვარ, ან სამშაბათი, ოთხშაბათი და ასე შემდეგ.
ყველაზე მეტს ალბათ ორშაბათებზე ვფიქრობ და მგონია, რომ ასეთები ჭარბობენ დედამიწაზე. ადამიანები, დისკომფორტს რომ გიქმნიან, მუდმივად ცდილობენ შენს დარწმუნებას, რომ ყველაფერი ძნელია, რომ არაფერი გამოგივა, არავის სჭირდები, არაფერს წარმოადგენ და ყველა შენი ახალი თუ ძველი წამოწყება სისულელე ან შუა გზაში, შენივე უხეირობის გამოა შეწყვეტილი.
ვფიქრობ ორშაბათ-ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სიმძიმე შენ აგკიდონ, ამოსუნთქვის საშუალება არ მოგცენ და თუკი სადმე ჯანსაღი გარემო და თავისუფლებაა გადაგიკეტონ – მერე, როცა შენც მისივე წესებით თამაშობ და პასუხობ – თუკი ეს არ შეიძლება ჩემთვის, არ შეიძლება შენთვისაც – გითხრან, რომ ხარ ტირანი და სხვის თავისუფლებას ზღუდავ.
გიფიქრიათ ორშაბათებზე, კვირის სილაღეს სადღაც რომ გიკარგავენ და შენგან მუდმივად შრომას ითხოვენ? იმ ორშაბათებზე, მთელს შენ ცხოვრებას ხაზს რომ უსვამენ და წინა კვირის ამბებზე უშნოდ ფრუტუნებენ?
ადამიან ორშაბათებზე, სულ რომ გაჩქარებენ, დაჯდომის საშუალებას რომ არ გაძლევენ და მერე გეკითხებიან – რამ დაგღალა, რამე გააკეთე?
იმ ადამიან ორშაბათებს ვგულისხმობ, თავს რომ მზიან დღეებად გაჩვენებენ და სადღაც ნაშუადღევისკენ ირკვევა ვინც არიან.
ორშაბათებზე, ყველაფერს რომ სხვა დღეებს აბრალებენ და თვითონ ყოველთვის მართლები არიან?
ან მეორე ტიპის ადამიან-ორშაბათებზე თუ გიფიქრიათ ყველას ტვირთი რომ აქვთ აკიდებული და დღის ბოლოს უკვე წაქცევაზე არიან?
გიფიქრიათ, ადამიან ორშაბათებზე? არაფრისმთქმელ სამშაბათებზე, ოდნავ ამოსუნთქულ ოთხშაბათებზე ცხოვრების სხვანაირად ყურებას რომ სწავლობენ და ნელ-ნელა ფეხზე დადგომას ცდილობენ? მოზომილ ხუთშაბათებზე რას იტყოდით – ცოტ-ცოტა ყველაფერი რომ აქვთ? ან ფეხებზემკიდია პარასკევ-ადამიანებზე გიფიქრიათ?
საკუთარი თავისთვის როგორც ვიკენდისთვის თუ შეგიხედავთ? ისეთი ვიკენდისთვის, თავის თავში ენერგიას, მოტივაციას და გადარჩენის სურვილს რომ აერთიანებს და ორშაბათების სიმძიმეს ანაცვლებს?
და როგორი ვიკენდი იქნებოდით თქვენ? ძილში გატარებული, პიკნიკად ქცეული, სიმყუდროვეში პლედშემოხვეული ფილმებ-სერიალებში გართული თუ მეგობრებთან ერთად მოწოწიალე?
გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველა ადამიანისთვის კვირის სხვადასხვა დღე ხართ?