იშხნელების რეპერტუარი და “ჩემი ბავშვობის სახლთან”

… სანთელივით დავდნები, შაქარივით დავტკბები…  ეს სიმღერა ჩემი მშობლებისგან ვისწავლე. ვიქნებოდი ასე სამი-ოთხი წლის, ვუსმენდი და მეც ვღიღინებდი. ოთხმოცდაათიანებიდან კარგი რა უნდა გაგახსენდეს ადამიანს? სროლა, სიცივე, უშუქობა, საქმეების გარჩევა, მხრჩოლავი ნავთის კერასინკა და შეშის ფეჩი, ლისის ტბიდან მოთრეული ტოტებით რომ გვათბობდა. კარგად არ მახსოვს დიდები ჭრიდნენ თუ არა ხეებს, მაგრამ ჩვენ რომ მხოლოდ ძირსდაყრილი ნაფოტების და ტოტების მოგროვების უფლება გვქონდა, ეს დღემდე წესად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში. უკვე მოზრდილებს დედა გვიყვებოდა, კათედრაზე მთელი თვის მუშაობის შემდეგ ხელფასით ერთი შოკოლადი რომ მომივიდა და მეტი არაფერი, თავი დავანებე და სხვა პროფესიაზე ფიქრი დავიწყეო.

მაგრამ იყო ჩემ ბავშვობაში რაღაც სპირიტული სეანსივით იდუმალი და ინტიმური. ლამფის ან დამდნარი სანთლის შუქზე გატარებული შაქარივით ტკბილი საღამოები.

ყველა ოჯახს აქვს თავისი წესი, პრობლემებთან გამკლავების უნარი. ჩემი მშობლებისთვის ეს უნარი სიმღერა იყო. ხუთსულიან ოჯახში სადაც დედაც მღეროდა, მამაც და სამივე შვილიც, დენის ყველა ჩაქრობაზე პატარა კონცერტები გვქონდა. იშხნელების, “ცისფერი ტრიოს” და სხვა მომღერლების რეპერტუარი თუ ვერ ყოფნიდა მეცხრე ბლოკის შესაკეთებელ დროს, ხალხურებზე გადავდიოდით.

თავიდან მეზობლები ფიქრობდნენ, სტუმრები ჰყავთო, მაგრამ, როცა დენი უკვე ყოველ საღამოს ქრებოდა და სტუმრად წასვლის ხალისი უშუქო ქალაქში აღარავის ჰქონდა, მიხვდნენ რომ ასე ვირთობდით თავს და ყოველ დღე ხან ერთი მეზობელი მოდიოდა უშუქობის დროს, ხან მეორე. ნელ-ნელა იმატა თითო თეფში კერძით ამოსული მეზობლების რაოდენობამ და მალე თითქმის ყოველ საღამოს სამეზობლო შეკრებები გვქონდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი რამხელა რამეს ნიშნავდა ეს შეკრებები ჩემთვის. მერეღა აღმოვაჩინე, დენის მოსვლასთან ერთად როგორ გაქრნენ მეზობლები.

უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ ისე გულიანად, ერთად, ხმაშეწყობილად აღარ გვიმღერია. თუკი მშობლებს შეიძლება კონკრეტულად ერთი რაღაცის გამო უმადლოდე და არა ყველაფრისთვის, ეს 90-იანების საღამოებია. როცა დიდებს უფრო უჭირდათ ყოველდღიურობის ატანა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით რომ შეიძლებოდა მეორე დღეს საჭმელი არ ყოფილიყო, მაგრამ აუცილებლად იქნებოდა სიმღერა.

წლების შემდეგ, როცა მანანა მენაბდეს მოვუსმინე, უკვე კლიპების ეპოქა იყო დაწყებული, შემაშინა ამ ქალის სევდამ, სიახლოვემ და რაღაც ძალიან ძველის მოყოლის უნარმა. მეწყინა რომ ჩემ ბავშვობაში ნასწავლი “ისევ შენ” სულ სხვანაირი იყო. თან მეხამუშებოდა, თან მომწონდა. ნელ-ნელა ისე მივეჩვიე, კლიპს ტელევიზორში ველოდებოდი ხოლმე, ახლა ინტერნეტში ვეძებ რამე ახალი ხომ არ გამოჩენილა. გვიან გავიგე იშხნელების შთამომავალი რომ ყოფილა და ისე გამიხარდა, თითქოს ჩემში იყოს ის გენეტიკური კოდი.

წლების შემდეგ, იმავე კორპუსში დავბრუნდით საცხოვრებლად. ახლა ჩვენზე ხმამაღლა ტელევიზორი ლაპარაკობდა. მეზობლებიც სხვანაირები იყვნენ. აღარავის გვახსოვდა არც იშხნელები, არც ცივი, მაგრამ მხიარული საღამოები. ვინ იცის, იქნებ ისინიც იხსენებენ ამ ამბებს, ჩემსავით გაციებების დროს, როცა ფიქრები ბოდვებს უახლოვდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts

Cart