წლების წინ, საბჭოთა დოკუმენტებში ქექვისას, ბევრგან შემხვდა სიტყვა „ჩესეირი“. იცით ვინ არიან „ჩესეირები“? ცხოვრებაწართმეული ადამიანები არიან, ცოცხალი მკვდრები, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება დააკარგინეს. თვითონ სიტყვა კი აბრევიატურაა, რომელიც ისე საზარლად იშიფრება, ძარღვებში სისხლი გაგეყინება ადამიანს. “ჩესეირები” (член семьи изменника родины) – „ხალხის მტრის“ ოჯახის წევრები არიან, იარლიყ მიკერებული ადამიანები, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ეს აბრევიატურა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მხვდება ტექსტებში. და „ვრიდლო“ იცით რას ნიშნავს? (временный исполнитель должности лошади) – ადამიანს, რომელსაც ცხენივით შეაბამდნენ და ტვირთს აზიდინებდნენ მშენებლობისთვის. რა თქმა უნდა, „ვრიდლოები“ ძალიან მალე იხოცებოდნენ წამებით და საზარელი ტკივილით. მათ ამბებს კი საგულდაგულოდ მალავენ იმპერიის მეხოტბეები და საბჭოთა კავშირს ისე ხატავენ, თითქოს აღთქმული მიწა ყოფილიყო.
ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, ზაირა არსენიშვილზე რომ მომეყოლა. ვწერ და ვფიქრობ, რაში სჭირდება არსენიშვილს ჩემი ან სხვისი ახსნა, საკმარისია ჩავსვა ერთი ციტატა და ნებისმიერ მკითხველს ძალიან მარტივად მიახვედრებს ვინაა და რა მასშტაბის მწერალი და ადამიანია. მერე მახსენდება, როგორ ჩაიკარგა ეს არაჩვეულებრივი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი ვიწრო წრეში და ისევ მინდება მოგიყვეთ მასზე. იმიტომ, რომ ასეთი ავტორი ქართულ კი არა, მსოფლიო ლიტერატურის კონკურენციასაც თავისუფლად გაუძლებს და სავალდებულო საკითხავების სიაში თუ არა სამაგიდო წიგნებს შორის აუცილებლად უნდა იკავებდეს ადგილს.
ზაირა არსენიშვილი ლანა ღოღობერიძის წიგნით გავიცანი, იქ წერდა ლანა ღოღობერიძე ჩემი ყველა ფილმის სცენარისტი ზაირა არსენიშვილია და მისნაირი თანამოაზრე იშვიათი საპოვნელიაო. გამიკვირდა, „როცა აყვავდა ნუში“-ს სცენარისტი მაინც როგორ არ მახსოვდა-მეთქი. ისეთი სიყვარულით, პატივისცემითა და ხალისით იხსენიებდა არსენიშვილს, მის რჩევებს, კონკრეტული ეპიზოდების წერის ამბებს, ეტყობოდა, განსაკუთრებული ხასიათის ხელოვანი უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტე, მომეძებნა. ასე შემრჩა ხელში ერთი მეორეზე უკეთესი წიგნები „ვა, სოფელო“ და „კენჭები“.
ორივე წიგნზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი – სიუჟეტების სიმძაფრე, თხრობის დინამიურობა, ლექსიკური სიმდიდრე, კილოკავებისა და სალიტერატურო ენის შენაკადები თუ ალაგ-ალაგ გამორეული სამუსიკო განათლება, საბჭოთა კავშირის შემზარავი ტრაგედიების ბედნიერების ელემენტებით გაჯერება ისეთ კოქტეილს ქმნის, რომ მისი ნაწარმოებებისთვის გულგრილად თვალის არიდება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, „ვა, სოფელო“ თითქმის 15 წელზე მეტის დაგვიანებით, ხელახალი გამოცემისას მიიღო და აღიარა მკითხველმა, მაშინ, როცა უკვე ავტორი ცოცხალი აღარ იყო.
ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დროს მისი ნაწარმოებების გამოცემაზე ოცნებაც კი შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ, რომ ტოტალიტარული მანკიერების აღწერა იდეოლოგიურ ლიტერატურაში ვერაფრით ჩაეწერებოდა, თუმცა, არც გაერთიანების დაშლის შემდეგ მიიღო მკითხველმა ეს წიგნები ძალიან სწრაფად და უპირობოდ. მიზეზად შეიძლება ისიც ითქვას, რომ 90-იანებისა და 2000-იანების მიჯნაზე წიგნის ყიდვის ფუფუნება ცოტას თუ ჰქონდა, ან იქნებ იმიტომაც, რომ საზოგადოება არ იყო მზად ესაუბრა მისი ორი ნაწილის – ჩაგრულებისა და მჩაგვრელების ისტორიებზე.
ზაირა არსენიშვილი იმდენად ნათლად გადმოსცემს „უპლოტნენიეს“ შედეგად სხვის სახლში შესახლებულებისა თუ დაუპატიჟებელი სტუმრების მიკედლებით ცხოვრებაშეცვლილი მეპატრონეების ყოფას, დაჭერის მოლოდინში გატარებულ საათებს ან დაკითხვის სცენებს, რომ შეუძლებელია წაიკითხო და ვერ მიხვდე რა ცეცხლი ტრიალებდა ამ ქვეყანში. ეს ამბები მარტო ლიტერატურული კი არა, ისტორიული თუ სოციალური კონტექსტის გამოც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ სად ვიყავით, სად ვართ და საით უნდა წავიდეთ. სხვა თუ არაფერი „კედლებსაც ყურები აქვთ“ გამოთქმა საიდან მოდის, ან რატომ მოიტანა კომუნალკებში ცხოვრებამ უტაქტობა და პირადი სივრცის ყოველგვარი გაქრობა, ეს ისე კარგადაა აღწერილი „კენჭებში“, მარტო ამის გამოც კი ღირს ამ წიგნის წაკითხვა.
„ყველა ეს ამბავი დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია და დაუჯერებელი… ვინც არ მოსწრებია, შეიძლება არც დაიჯეროს, არ გამიკვირდება… მაგრამ ასეთი იყო აბსურდული შეუსაბამობებით სავსე ჩვენი ცხოვრება, ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი, განსაკუთრებულად კი სტალინის სიკვდილამდე და შემდეგაც, თუმცა, არა ისეთი მძვინვარებით. ასე მგონია, ეს „კენჭები“ საბჭოთა ისტორიის ერთი წინწკალია, ჭაობის ერთი წვეთი, რომელშიც შეიძლება ილანდებოდეს საბჭოთა ადამიანების ტრაგიკომიკური ყოფა“ – წერს ავტორი „კენჭებში“ და თან იხსენებს როგორ ისტერიკულად, თითქოს მოთქმით დასტიროდნენ სტალინს რეპრესირებულების ოჯახის წევრები, სინამდვილეში კი პირზე ხელს იმის გამო იფარებდნენ, რომ არაამქვეყნიური ხარხარი დაემალათ და ეს იყო ამ ქვეყნის მთელი ტრაგედია – უკვეგამოვლილი თავგადასავლების შიში, რადგან არავინ იცოდა რა ელოდათ წინ.
ასეთი „ვრიდლოების“, „ჩესეირების“, „უპლოტნენიის“ პირობებში ვითარდებოდა ეს ქვეყანა და ძალიან ძნელია ამ ამბების ბოღმის გარეშე მოყოლა. ზაირა არსენიშვილის ნაწერებს ესეც გამოარჩევს, რომ ტექსტი ინარჩუნებს პოეტურობას, მუსიკას, თან კი არ კარგავს სიღრმეს, სიმძაფრეს და დაცლილია პათეტიკისგან, რომელიც პროზაში გადმოტანილ პოეტიკას ხშირად თან ახლავს.
ამ წერილს ვასრულებდი, როცა მეგობრის პოსტი შემხვდა „კენჭებზე“ წერდა ისიც და კომენტარებში ახალ ამბავსაც გვიზიარებდა მალე მესამე წიგნი – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ გამოვაო. სინამდვილეში, ზაირა არსენიშვილი კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორია, მაგრამ ჯერ ფართო აუდიტორია მხოლოდ „კენჭებსა“ და „ვა, სოფელოზე“ ლაპარაკობს და სხვა ნაწარმოებები წიგნების მაღაზიებშიც არ იძებნება. იმედია, მალე მკითხველებს დანარჩენი ნაშრომების კითხვის საშუალებაც მოგვეცემა.
90-იანი წლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ დოკუმენტური პროზა თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ გელა ჩარკვიანის “ნაცნობ ქიმერათა ფერხულის” შესახებ პოსტს ამავე ბლოგზე.