ეთერო და სხვა დაკარგული ქალები

„მაინც რამდენი რამე მოხდა ამ ერთ დღეში, სიკვდილიც მოხდა, სიცოცხლეც მოხდა“, – ამ სიტყვებს თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალის“ გმირი, ეთერო ამბობს. ეთეროს ცხოვრებაში იყო ეგეთი დღე, მაგრამ ეთეროს ცხოვრება მარტო მისი ცხოვრება კი არ იყო, იქ ათასობით ლანდი, ხმა, ტრადიცია, სტერეოტიპი, თქმულება, ჭორი თუ მართალია ჩაბუდებული. რომანი მარტოხელა ქალის მონოლოგია, მაგრამ თან მარტოა და თანაც არა. ასეთი მარტოობის ამბები ათეულობით და ათასეულობითაა ამ ქვეყანაში ისეთის, შლეიფად რომ „ხალხი რას იტყვის“ მოყვება. ჩვენც ვფიქრობთ – რას იტყვის ხალხი, თუკი კაფეში ნაპოლეონის საჭმელად მარტო დავსხდებით? ან ღამით გვიან თუ დავბრუნდებით სახლში?  უცხო მანქანა თუ გაჩერდება სახლთან? ან თუ გავთხოვდებით და მერე გავშორდებით, რას იტყვიან ადამიანები, ოჯახი დაენგრაო? არავინ მოიკითხავს, იქნებდა ნანგრევებიდან გამოვრბივართ, რომ არ გავისრისოთ?! ხან ქალის ხვედრი დაერქმევა, ხან ვის არ აუტანიაო, დაგარიგებენ და თუ მაინც გარისკე ისე ცხოვრება, როგორც შენ გინდა, გაირიყები.

მერე ქალებიც და კაცებიც გადმოგვხედავენ როგორც გამოუსადეგარს, ან გამოსაყენებელს, აგვწონიან, ხან ახლოდან შემოგვხედავენ, ხან შორიდან მოგვივლიან, დადგებიან და ილაპარაკებენ იქამდე, სანამ ახალი საკბილო გამოჩნდება. ამის გვეშინია ადამიანებს და ვიქცევით ისე, როგორც დადგენილია. ეთეროც წესების ქალი იყო, მაგრამ შიშისაც და ამ შიშისგან გაშეშებული ცხოვრობდა კი არა, დღეები გაჰყავდა პანსიაზე გასვლამდე და სანამ რამეს აკეთებდა იქამდე თავში გაუელვებდა – „ოჯახს ცუდი არაფერი აკადრო, გოგო, მამა და ძმა გყავს!“ არაფრის კადრების შიშით ცხოვრობდა ეთერო. აქეთ თავისთვის არ უნდა ეკადრებინა რამე ზედმეტი, იქით მეზობელს არ უნდა ეთქვა ეთერო ბინძურია, სახლს არ ალაგებსო, არც ის უნდა ჰგონებოდათ კაცებს, მარტოა და ადვილადხელწასატანებელიაო, არც პოლიციას ჰგონებოდა ავისმკეთებელი, არც კარგად უნდა ჩაეცვა, რომ ქურდებს და ყაჩაღებს ჰგონებოდათ მდიდარი და მოეკლათ. იმ ქართული ზღაპრისა არ იყოს – შენც ჭამე, გამვლელსაც აჭამე, გამომვლელსაც და შინაც მთელი მოიტანეო. იმიტომ, რომ ეთერომ იცოდა ცხოვრების მთავარი წესი – „ქალი თვრამეტისაც გაილანძღები, ოცდარვისაც და ორმოცდარვისაც“.

ბევრი ეთერო გაგახსენდათ? კრებითი ეთერო? ისე რომ ცხოვრობენ, როგორც საზოგადოება ეტყვით, როგორც ხალხი გადაწყვეტს. ოღონდ, ეთეროს შიშში ჩაბუდებული პროტესტებიც ჰქონდა – გაუთხოვრობა, როგორც საკუთარი თავის პატივისცემა თუ გაფრთხილება და დაწკრიალებულ სახლში მოტოვებული არეული საძინებელი – ეს იყო მთელი მისი თავისუფლება შიშსა და შიშს შორის რომ გაუელვებდა ხოლმე თავში იქამდე, სანამ ისევ შიშის გამო არ დაკარგავდა 48 წლის შინაბერა ქალწულობას და იპოვიდა სიყვარულს.

ამას რომ ვწერ და გიყვებით, ძალიან ვცდილობ ე.წ. სპოილერებს ან უფრო ქართულად რომ ვთქვათ, წინსწრებად გათქმას თავი ავარიდო და საკვანძო არაფერი წამომცდეს, მაგრამ რომც წამომცდეს, ამ წიგნის მოყოლა მისი თხრობის სტილის გამო, შეუძლებელია. მთელი წიგნი გაბმული მონოლოგია და ყველა გმირი, თუკი ამ წიგნში გვხვდება, ეთეროს თვალითაა დანახული და ის გვაცნობს. აბა, მე როგორ გაგაცნოთ შორენა, „ღარიბი კაცის მოსაკითხივით რომ ჰკიდია ის უკანალი“?

რადგან თხრობის გამორჩეული მანერა ვახსენე, ტექსტის პოეტურობა და ნაკადულივით ერთიანად ჩარაკრაკების ხიბლი, ისიც უნდა ვთქვა, რა არ მომეწონა – ავტორი ალაგ-ალაგ ძალიან აცდენილია გმირის ხასიათს. ეთერო არაა მეგაპოლისში გაზრდილი ცხოვრებანანახი ქალი, ფიზიკურ კონტაქტს რომ ტყ###-ად მოიხსენიებდეს. ერთ ეპიზოდში სიტყვა კლიმაქსს რომ ვერ ახსენებს და სექსს კიდევ ფეხის აშვერას ეძახის, ის გმირი ჩემი უბნელი „ბირჟავიკივით“ რომ ლაპარაკობს მეორე წუთს, ეს ყველაფერი ტექსტს ხელოვნურობას სძენს და აჩენს განცდას, რომ ავტორი მთლად კარგად არ იცნობს საკუთარ გმირს და სადღაც შორეული გადმოსახედიდან აკვირდება. ამის მიუხედავად, ისეთ სიღრმეებშია ჩასული თამთა მელაშვილი და ჩვენს საზოგადოებაში მყოფი ქალის ისეთი დეტალები აქვს დაჭერილი, ეს აცდენა უპირობოდ ვაპატიე.

და მაინც, ხომ სულ ქალის თვალითაა დანახული და მონათხრობი მთელი ამბავი, მთელი წიგნი ხომ მონოლოგია, მაგრამ ამ ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ ამბავში იმდენი ხაზია, იმდენი ადამიანის დატირება, ასე მგონია, ვერც ერთი მკითხველი ვერ მოახერხებს უემოციოდ წაკითხვას და მერე მის გადადებას. ეს რომანი კიდევ ბევრჯერ ამოტივტივდება თავში, კიდევ ბევრჯერ გაგახსენდებათ ეთერო და ყველა ის ადამიანი, ვისაც თამთა მელაშვილის გმირის მსგავსად შეუძლია წამოიძახოს – „ახლა? ახლა კიდე რა ვიცი? მარტო შრომა ვიცი, მარტო მაღაზია, რეცხვა და უთო! იქნება და, რა ნიჭი მქონდა და ვერ ვიპოვე, არ მაპოვნინეს?“

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts

Cart