ბავშვებს, რომლებსაც გზად ცუდები შეხვდნენ

თავზარდამცემი ამბები ხდება – ვთქვი მე და გამთენიამდე ვეღარ დავიძინე.

ალბათ ბოლთის ცემასაც მოვყვებოდი, დარდისგან საშინლად დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი. ვიწექი და მეფიქრებოდა პატარა გოგო-ბიჭებზე, უამრავი – „რატომ“, „როგორ“ და „რისთვის“ რომ აწუხებთ და პასუხები არ აქვთ. არ აქვთ კი არა, კითხვისაც ეშინიათ და თავს ყველაზე მარტოსულებად გრძნობენ. მეფიქრებოდა პატარა ბიჭზე, დიდმა ბიჭებმა რომ შეაშინეს და ვერ მოყვა, გოგოზე, საშინელებები რომ გაუკეთეს ცუდმა კაცებმა და კი ვერ მიხვდა რა მოხდა, მაგრამ იგრძნო, რაღაც წარმოუდგენლად საზარელი შეემთხვა. მერე მისი ყველა შიში გადიდდა, გაიზარდა, ტანზე შემოეხვა რუხი ლაბადასავით და აღარ იცოდა როგორ ეცინა. ჩვენზეც ვფიქრობდი, ხალხზე, რომლებმაც არც კი ვიცით ვინ როგორი ვართ, ვის რა ვანდოთ, როგორ დავიცვათ ბავშვები, როდის გავჩუმდეთ, როდის ვილაპარაკოთ.

მერე ჩემს შიშზე ვფიქრობდი და იმაზე, რას ვაკეთებ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ. მომინდა ჩემს მარადიულ მეგობარზე მომეყოლა თქვენთვის.

ცხადია, ის არ არის ერთადერთი მეგობარი, მაგრამ საუკეთესოა, ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომაც მინდა ყველა – ბავშვი თუ დიდი ემეგობროს. ვისზე ვლაპარაკობ და, ასტრიდ ლინდგრენს ვგულისხმობ. ყოველთვის, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ლინდგრენს ვკითხულობ. მერე ცხოვრება სულ ოდნავ უკეთესი ხდება და რადგანაც არ ვიცი ათასობით ბავშვის განცდებს სხვანაირად როგორ უნდა ვუშველოთ, თქვენც გირჩევთ.

რასაკვირველია, ასტრიდ ლინდგრენი, რომელიც ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, კარგა მოზრდილობამდე კაცი მეგონა,  ყველაფერზე გადასარევად წერს, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს ბავშვებს (თუმცა, რატომ მარტო ბავშვებს), რომლებსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წაკითხული სარას და ასტრიდის წერილების კრებული – „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“.

უკვე ძალიან პოპულარულ მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს 1971 წლის გაზაფხულზე 12 წლის შვედმა გოგონამ სარა იუნგკრანცმა წერილი მისწერა. სარა მსახიობობაზე ოცნებობდა და იმედი ჰქონდა, ამ საქმეში მას ასტრიდი დაეხმარებოდა, თუმცა, ისეთი მკვახე პასუხი მიიღო, გამწარებულმა მკითხველმა საყვარელი მწერლის ნაწერი ნაკუწებად აქცია და ტუალეტში ჩარეცხა. ასტრიდმა შეცდომა მალევე გამოასწორა და ცოტა ხანში კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა. ასე დაიწყო მათი მეგობრობაც.

ასტრიდ ლინდგრენს ათასობით ბავშვის წერილი მისდიოდა და ისიც 1980 წლამდე ყველას პირადად პასუხობდა. მერე მხედველობა გაუუარესდა და ამ საქმეს მისი მდივანი ასრულებდა. ბუნებრივია, ყველა ბავშვი ოცნებობდა მასთან მეგობრობაზე, მაგრამ ხანგრძლივი მიმოწერის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს ერგოთ, სარა და ასტრიდი კი ერთმანეთს წლების განმავლობაში უგზავნიდნენ წერილებს და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეხვედრილან, კარგი მეგობრობაც ჩამოუყალიბდათ.

სარა ძალიან ემოციური, უფროსებთან თუ თანატოლებთან გართულებული ურთიერთობებით გამორჩეული გოგო იყო, რომელიც რაღაც პერიოდი ფსიქიკური პრობლემების მქონე მოზარდების დაწესებულებაშიც მკურნალობდა. სირთულეების დაძლევაში მას ასტრიდი ეხმარებოდა. წერილებში ორივე ავტორი ღიად ლაპარაკობს ცხოვრებისეულ შეხედულებებზე, პრობლემებზე, ბულინგზე, მარტოობაზე, საკუთარი თავის მართვის ხერხებზე, ბრაზზე და ერთმანეთს ისეთ ამბებს უზიარებენ, რაზეც ხმამაღლა არასდროს არაფერს იტყოდნენ. ასტრიდ ლინდგრენი ისე ფრთხილად ეკითხება სარას საიდან იწყება ესა თუ ის პრობლემა, ამ წიგნით ადამიანობის, მშობლობის და ურთიერთობების მასტერკლასებს ატარებს. ამიტომაც არაა ეს რომელიმე ასაკისთვის განკუთვნილი ლიტერატურა საყოველთაო საკითხავია.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩათვალეთ, რომ ესეც სარა იუნგკრანცისავით დაბნეული გოგოს წერილია, რომელმაც არ იცის როგორ დაიცვას ბავშვები, მაგრამ ის კი ნამდვილად შეუძლია გირჩიოთ ვის ემეგობროთ.

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ. მანამდე კი იყავით ფრთხილად და გახსოვდეთ –  Life is not so rotten, as it seems!



Start typing and press Enter to search