„ილუზიების წიგნი“ ნამდვილ ამბებზე

კარგი წიგნები წაგიკითხავთ? ალბათ, კი. მაგრამ კარგ წიგნში კარგი წიგნები თუ წაგიკითხავთ? ან წიგნებში ფილმები გინახავთ? ერთი მთხრობელისგან მოსმენილი  მეორე მთხრობელის მონათხრობის გჯერათ? (რა ჩახლართული და ტავტოლოგიური წინადადება გამოვიდა, მაგრამ წიგნშიც ასეა, გეფიცებით) შეიძლება დაიჯეროთ ან კითხვას რომ მორჩებით, დახუროთ წიგნი და დიდხანს, ძალიან დიდხანს იფიქროთ რა იყო ნამდვილი და რა გამოგონილი. იმიტომ, რომ „ილუზიების წიგნში“ ბევრი კვანძია, ამბები კი იმდენად დამაჯერებლად მოთხრობილი, კითხვისას გუგლში შეძვრომის ცდუნებასაც ვერ გაუძლებთ და პერსონაჟებს არაერთხელ მოძებნით. მოძებნით წიგნში ნახსენებ ფილმებსაც და სხათაშორის, იპოვით კიდეც, ოღონდ, მოგვიანებით გადაღებულს. პოლ ოსტერის „ილუზიების წიგნმა“ ფილმ – „მარტინ ფროსტის შინაგანი ცხოვრება“-ს და დიუკ სფეშალის მუსიკალურ ალბომ The Silent World of Hector Mann-ს დაუდო საფუძველი. ორივე – ფილმიცა და ალბომიც წიგნის დამსახურებაა და თუ ოდესმე რომელიმეს გადააწყდებით, იცოდეთ, ყველაფრის უკან ოსტერი დგას და ორივე მათგანის შექმნის იდეა ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაჩნდა.

„ილუზიების წიგნზე“ მოვყვები, მაგრამ კითხვა არ შეწყვიტოთ – „სპოილერი“ არ იქნება. ზოგადად, არ მჯერა წიგნის სიუჟეტი ვინმემ ისე როგორ უნდა გადმოსცეს, ყველა დეტალი გაამხილოს, ემოციებამდე ჩავიდეს და კითხვა გადაგაფიქრებინოს, მაგრამ ამ ნაწარმოების შემთხვევაში ეს საფრთხე ნამდვილად არ გემუქრებათ. ისე, გულახდილად რომ ვთქვა, სანამ რომელიმე ნაწარმოებზე ვწერ, ჯერ ვგუგლავ და იმაზე მეტს არაფერს ვყვები, რაც ინტერნეტში მხვდება. მაინც, რა ვიცი, კაცია და გუნება. ეგებ სულაც არ მოგწონთ პირველი გვერდიდანვე რომ იცით გმირი მოკვდება თუ გადარჩება?!

 ეგ ამბავი იქით იყოს და,  როგორც ზემოთ ვახსენე, წიგნში რამდენიმე წიგნია – ერთი, რომელიც უკვე დაიწერა, მეორე, რომელიც ვეღარასდროს დაიწერება და მესამე, ავტორის სიკვდილის მომლოდინე. წიგნებსა და წიგნებს შორის კი ფილმებია, ფილმები, რომელსაც ოსტერის გამოგონილი მუნჯი კინოს მსახიობი, რეჟისორი ჰექტორ მანი იღებდა.

ჰექტორ მანი 1929 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალი იკარგება. გაუჩინარებიდან დაახლოებით 50 წლისთავზე კი მისი ფილმებით უნიერსიტეტის პროფესორი, მძიმე დეპრესიაში მყოფი დევიდ ზიმერი დაინტერესდება. რატომ? იმიტომ, რომ ჰექტორ მანის მუნჯი კინო ერთადერთი რამ იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რამაც მისი ყურადღება მიიქცია და გაცინება მოახერხა. ის ადამიანები კი, ვინც ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში გვაცინებენ, განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. სხვათა შორის, დევიდ ზიმერი პოლ ოსტერის მეხუთე რომანის „მთვარის სასახლის“ გმირიცაა ახლა კი ავტორმა ამ წიგნში გადმოსვა, რაც ღიმილისმომგვრელიცაა და კარგი მარკეტინგული ხრიკიც – ერთდროულად ორი წიგნით დაგვაინტერესა. გაუჩინარებული ჰექტორ მანი კი ისევ ნაწარმოებში გამოყენებულ ფრაზას თუ მოვიშველიებთ, „ნასესხები სიცოცხლით“ ცხოვრობს და წლების განმავლობაში იღებს ფილმებს, რომელსაც მაყურებელი არასდროს არ უნდა ჰყავდეს.

„ილუზიების წიგნში“ მოვლენები ისე ვითარდება, რომ ხანდახან ორი მთავარი გმირის ცხოვრებისეული გამოცდილება, განცდები და შეგრძნებები ერთმანეთის მსგავსია. პოლ ოსტერს უყვარს ეგზისტენციალურ თემებზე წერა, უფრო კი, სტრიქონებს შორის საფიქრალის ჩატოვება. არ აქვს აკვიატებული, რომ მისი გმირები კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თითქოს სულ ცდილობს ყველაზე ნეგატიური პერსონაჟიც კი შეგაყვაროს და რაღაც ისეთი დეტალი ჩადოს, ამ გმირზე გული ბოლომდე ვეღარ აგიცრუვდეს, ერთ ადამიანს რამდენიმე სახეს აძლევს. შენ გიტოვებს არჩევანს მისი საქციელების მოტივსა და ხასიათზე იფიქრო. დიდი სივრცეა ინტერპრეტირებისთვის.

„ილუზიების წიგნი“ ფრანსუა რენე შატობრიანის ციტატით იწყება – „ადამიანი მხოლოდ ერთი ცხოვრებით როდი ცხოვრობს, მას ბევრი სიცოცხლე აქვს, ერთი რომ სრულდება, მეორე იწყება და მის უბედობათა თავი და თავიც ესაა“ ამ ხაზს აგრძელებს ოსტერის გმირიც, რომელიც ამბობს – „ვინც დიდხანს ცოცხლობს, სიცოცხლეშივე კვდება. ცხოვრების გზაზე წინ რომ მივიწევთ, საკუთარი ხატების სამ-ოთხ ასლს უკან ვიტოვებთ. ყოველი მათგანი განსხვავებულია და წინას არ ჰგავს; წარსულის ნისლში მათ ისე ვხედავთ, როგორც სხვადასხვა ასაკში შესრულებულ საკუთარ პორტრეტებს“. ოსტერს მოსწონს პატარ-პატარა, მარტივად გასაგები ფილოსოფიური ჩანართები, არც თავს რომ აგატკიებს და აზრის ჩამთავრებისთანავე უკან მიგაბრუნებს, მაგრამ არც მალე დაგავიწყდება.  

„ილუზიების წიგნის“ განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ზოგ ეპიზოდში მთავარი და მეორე ხარისხოვანი სათქმელი იცვლება. მარადიულ თემებზე წერს ოსტერი – სიყვარულზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, გადარჩენაზე, ბედნიერებაზე, ცხოვრების ხელახლა დაწყებაზე. კითხულობ და ფიქრობ – როგორ სხვადასხვანაირად გვსმის ადამიანებს თავდადება, ერთგულება, ეგოიზმი…

რაც შეეხება თვითონ პოლ ოსტერს, როგორც მწერალს, მისი კითხვა ჩემთვის მოგზაურობასავითაა – შეგიძლია მოულოდნელად გადასარევი ავტორი, წიგნი, კომპოზიცია ან ფილმი იპოვო მის ნაწარმოებებში, თავად წიგნის სიუჟეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს კაცი გიჟდება ხელოვნებაზე და თუ კარგად დააკვირდებით, ტექსტებში მისი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებიც კი შეგიძლიათ ამოკენკოთ. ოსტერს თითქმის ყველა ნაწარმოებში ჰყავს აუცილებლად ერთი გმირი, რომელიც მწერალი, მთარგმნელი ან კრიტიკოსია და დიდ დროს კითხვაში, მუსიკის მოსმენასა და ფილმების ყურებაში ატარებს. ამას კი ისე გემრიელად აღწერს, შურისა და ღიმილის გარეშე, ვერაფრით აუვლით გვერდს.

დასასრულს, მთარგმნელი ქეთი ქანთარიაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რადგან იმ იშვიათთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისი გვარის თავფურცელზე დანახვის დროსაც მშვიდად ამოისუნთქებ და იტყვი  – „ამ წიგნში მშვიდობაა!“



Start typing and press Enter to search