„ნუ შეგვიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“ – ამერიკული პასტორალი

„ბავშვის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, შეჭამს თუ არა ქრისტეს. უდიდეს პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ ქმედებას, მაგრამ ჩემი შვილიშვილი ქრისტეს არ შეჭამს“ – ეს კატეგორიული მოთხოვნა ებრაელ სამამამთილოსა და ირლანდიელ რძალს შორის შემდგარი მოლაპარაკების ნაწილი იყო.

შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც იძულებითი, ფორმალური პირობების დადების დროს ხდება ხოლმე, შეთანხმება დაირღვა. მერი ლევოვი ეზიარა, ანუ ბაბუამისის აზრით, ქრისტე შეჭამა. ოღონდ, ეს ტრაგედია არ იყო. პირიქით, უამრავი ბავშვი იქცევა ასე – ნელ-ნელა იკვალავს სამოთხისკენ მიმავალ გზას და ალბათ მერიც ერთ ერთი მათგანი იქნებოდა კრავივით რომ არ არეოდა თავგზა და პაციფისტური იდეებისთვის საბრძოლველად ყველაზე ცუდი ხერხი არ გამოეყენებინა.

ფილიპ როთის „ამერიკული პასტორალი“ პოლიტიკურ თემებზე დაწერილი სოციალური რომანია, სადაც ფრონტის ხაზი ოჯახზე გადის. აქ ინდივიდები ვერ აგებენ პასუხს საკუთარ საქციელზე, რადგან მათ მიღმა არის საზოგადოების, ტრადიციების, სოციალური ნორმების ერთობლიობა. აქ შვილზე ოცნება, სასურველი სახლის ყიდვა ან კარგი ქმრობა მხოლოდ სტატუსი კი არ არის, ვალდებულებაა, რომელიც პირნათლად უნდა შესრულდეს.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უოცნებია შვილზე, ალბათ ისიც უფიქრია, როგორი უნდა იყოს მისი მემკვიდრე. აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ჯანმრთელი და ბედნიერი შვილი ჰყავდეს, ზოგი საერთოდ ისე იჭრება როლში, ვუნდერკინდობასაც აბრალებს საკუთარ პირმშოს. ყოველ შემთხვევაში, მოკრძალებულ ოცნებებშიც კი შვილი არის კარგი და ვერავინ წარმოიდგენს, რომ ერთ დღესაც მისი ნაოცნებარი ადამიანი გაიზრდება და ტერორისტი გამოვა. ნორმალურ საზოგადოებაში ამაზე არავინ ოცნებობს. არც სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი და „მის ნიუ ჯერსი“ ელოდნენ ამას ცხოვრებისგან. მაგრამ ერთ დღესაც, ფოსტაში აფეთქებულმა ბომბმა, რომელსაც საზოგადოება უნდა გამოეფხიზლებინა და ომის მიმართ პროტესტი გამოეწვია, უბრალო, სახელოვანი ექიმი დააძინა, როგორც იტყვიან, საღათას ძილით. სამუდამოდ და ეჭვიც არავის შეპარვია, რომ ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტს ამის გამო არათუ ვიეტნამის ომის შეწყვეტაზე არ უფიქრია, ძილიც კი არ გასტეხია იმ ღამეს. სამაგიეროდ, ომი სხვაგან დაიწყო – ლევოვების ოჯახში, სადაც გაჩნდა მთავარი კითხვა – რა შეგვეშალა? ბევრს ჰყავს წარმატებული, იდეალური მშობლები, აქვს ზედმეტი ან ნაკლები სიყვარული, ბევრია გარდატეხის ასაკში, ატარებს ბრეკეტს, აქვს ოდნავ ჭარბი წონა, ზოგი ენაბრგვილობასაც ებრძვის, მაგრამ ასე ვინ იქცევა? ვინ დებს ფოსტაში ბომბს და კლავს ადამიანს?

იშვიათად, მაგრამ ასე საყვარელი შვილები იქცევიან. რომლის მამებსაც ბოლომდე სწამთ, რომ მათ სუსტ და დაუცველ გოგონებს ვიღაცამ თავგზა აუბნია, საშიშ თამაშში ჩაითრია და თვითონ არ მოსვლიათ თავში ის საშინელი იდეები. მამებს ვერასდროს წარმოუდგენიათ, რომ შვილები, რომლებიც სკოლაში ქიმიას, ფიზიკას და სხვა საგნებსაც კარგად სწავლობენ ადგებიან და ერთ დღესაც ბომბების დამზადებას ისწავლიან.

„ამერიკულ პასტორალში“ მთავარი გმირის სრული განადგურებაა აღწერილი. შვილი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, დასცინის და ებრძვის ყველაფერს, რაც კი მისთვის ძვირფასი და ღირებული იყო. მათ შორის, სამშობლოსაც, ამერიკასაც, რომლის სიყვარულის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია სეიმურ ლევოვს იმიტომ, რომ თვითონ ამერიკაა მთელი მისი ცხოვრება. ვერ შეიძულებს მას რომელიმე პრეზიდენტის ცუდი გადაწყვეტილებების გამო. ეს არის ადამიანური ტრაგედია, როცა ვეღარ გაემიჯნები სხვების ცუდ საქციელს და შენ გიწევს მუდმივად მთავარ კითხვაზე ფიქრი – სად დაუშვი შეცდომა? ან როგორ უნდა გაზარდო სწორად შვილი? როდისაა კარგი სიმკაცრე და როდის ლმობიერება? ან როდის იტყუებიან ადამიანები, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებიან თუ, საზოგადოებაში გამოსვლისას?

„ყველას ოჯახები გვყავს და ოჯახებში, ჩვეულებრივ, ყველაფერი რიგზე არ არის“… – ამბობს ნაწარმოების ერთ ერთი გმირი და უნებურად პარალელს ტოლსტოისთან ავლებ – „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია”-ო რომ ამტკიცებდა და მაინც, თუ კარგად დავაკვირდებით, ყველა ოჯახს აქვს ერთი საერთო – პასუხისმგებლობის ტვირთი, რომლითაც ადამიანები სამუდამოდ უკავშირდებიან ერთმანეთს.

„ამერიკული პასტორალის“ ზემოთ ნახსენები ფრაზა ფილიპ როთის მთელ შემოქმედებას გასდევს. მწერალი თითქმის ყველა ნაწარმოებში ცდილობს აჩვენოს ის დოგმები, დრომოჭმული ტრადიციები, რომლებიც ხანდახან თავისი აბსურდულობის გამო ღიმილის მომგვრელია. როთს ხშირად ადანაშაულებდნენ ანტისემიტიზმში, ოჯახის ინსტიტუტის შეურაცხყოფაში, ხანაც საერთოდ ამერიკის მტრადაც მოიაზრებდნენ. არავის მოსწონდა სიმართლე, მაგრამ ფაქტია, ის წერდა ნაწარმოებებს, რომლებიც ყველა ამ საკითხზე სიღრმისეულად ფიქრს და მსჯელობას გვაიძულებს.

მამა, რომელმაც გაიაზრა, რომ მისი შვილი არაერთი ტერორისტული აქტის ორგანიზატორია, ამბობს – შეუძლებელია განსჯა მხოლოდ შედეგით. და მაინც, კანონს რომ თავი დავანებოთ, ადამიანებს პასუხი იმაზე მოგვეთხოვება, რაც გავაკეთეთ და არა იმაზე, რა გვინდოდა და რა არ გამოგვივიდა.

ეს წიგნი ყველა მკითხველისთვისაა. ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც კი ოდესმე ზოგადსაკაცობრიო თემაზე უმსჯელია. განსაკუთრებით კი, მშობლებისთვის, რომლებსაც სწამთ, რომ მათი შვილები გარემოების მსხვერპლნი არიან და არა დანაშაულის ინიციატორები. აქ განხილულია ასევე პრობლემები, როგორ შეიძლება მოზარდი, ანაც უკვე ზრდასრული ადამიანი გახდეს კონკრეტული იდეის მსხვერპლი და მოძალადე.

წერას კი, სეიმურ და მერი ლევოვების დიალოგის ნაწილით დავასრულებ. მგონია, რომ ამ ამონარიდზე უკეთ ვერც ერთი რეცენზია ვერ გადმოსცემს წიგნის მთავარ სათქმელს და სანამ „ამერიკულ პასტორალს“ წაიკითხავთ მანამდე საფიქრალსაც დაგიტოვებთ.

„უნდა იყვნენ რაღაც გარეშე ძალები. ლოცვაში ხომ ნათქვამია: „ნუ შეგვიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. თუ ადამიანებს სხვა ადამიანები არ მართავენ, მაშინ რატომაა ეს ლოცვა ასე გავრცელებული?“



Start typing and press Enter to search