“ვარსკვლავთა მბოძებელი” – ბრძოლა დაუწერელ კანონებთან

ეს წიგნი ქალებზეა? – ატრიალებს მეგობარი ხელში ჯოჯო მოიესის „ვარსკვლავთა მბოძებელს“ და ჩემი პასუხის გაგებამდე გვერდით დებს. მინდა ავუხსნა, რომ ქალებზე კი არა, ძალიან მაგარ ქალებზეა, კიდევ სიყვარულზეცაა, იმედის ნაპერწკალზე, თავდადებაზე, მეგობრობაზე, ადამიანის უფლებებზე, ცხოველების სიყვარულზე, ჯორებზეც, ცხენებზე, ძაღლებზე, ძაღლივით კაცებსა და კარგ კაცებზე, კორუფციაზე, წართმეულ სასამართლოზე, კონტრაბანდაზე, შურისძიებაზე, სამართალზე, სექსუალურ განათლებაზე, განათლებაზე, მაგრამ თან ვხვდები, რომ მთელ წიგნს ვერ მოვყვები და ვჩუმდები.

„ბოროტსა სძლია კეთილმან“ წერია, ოღონდ, სხვა სიტყვებით – ვფიქრობ ჩემთვის, მაგრამ რადგანაც ასე მარტივად და ორი სიტყვით ვერ ვპასუხობ, ორი ვერსია მიტრიალებს თავში – შემიძლია ვუთხრა, რომ ბანალური რომანია სიყვარულზე, ან მეტი წონა შევმატო და ვუთხრა, რომ ელეონორა რუზველტის ინიციატივაზეა. პოლიტიკა ახლა აქტუალური თემაა.

სინამდვილეში, ეს წიგნი სინათლეზეა. მთებში ცხენებით ატანილ სინათლეზე, სადაც მაღაროდან დაბრუნებულ შავ კაცებს საღამოობით შიმშილი და უიმედობა მიაქვთ. ამ შემთხვევაში სინათლე ის წიგნებია, რომლებსაც ქალები კარდაკარ არიგებენ.

მოძრავი ბიბლიოთეკები 1935 წელს ელეონორა რუზველტის ინიციატივით შეიქმნა. მიზანი მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლება, განათლების დონის ამაღლება და უმუშევრობის დაძლევა იყო. ბუნებრივია, ეს მარტივი საქმე არც მაშინ ყოფილა და არც ახლაა. წიგნებით სიახლის გაგების შიში დაახლოებით ისეთი იყო მაშინ, როგორიც ახლა 5G ანტენებია, მაგრამ რუზველტსაც და კენტუკელ ქალებსაც ესმოდათ, რომ საიდანღაც უნდა დაეწყოთ, ამიტომაც ჯერ ჟურნალებიდან ამოჭრილი კულინარიული რეცეპტებით სცადეს მოსახლეობის წახალისება, შემდეგ კი უფრო დიდ ტექსტებამდე მივიდნენ და საბოლოოდ, იმასაც მიაღწიეს, რომ ზოგ ოჯახს შვილების სკოლაში გაგზავნის სურვილიც კი გაუჩნდა.

ბელივილის საზოგადოებას დაუწერელი კანონები ჰქონდა, ისეთი, როგორიც მთაში აქვთ ანაც ყველა ჩაკეტილ და ტრადიციულ საზოგადოებაში აქვთ სადაც აღარც კი ახსოვთ წესები ვინ, როდის და რატომ დაადგინა, მაგრამ ის კი იციან, რომ მათი დაცვა აუცილებელია.

„ამ ქალაქში იმის გამო, რომ ცოლი არ მიცემია, ნახევარზე მეტი კაცად არ მთვლიდა“ – ამბობს ერთ-ერთი მთავარი გმირი ფრედი, რომელიც ასე ცდილობს ნაცემი ქალისთვის იმის ახსნას, რომ თვითონ კი არა, მოძალადეს უნდა რცხვენოდეს და ის, რაც საზოგადოებაში ნორმაა, შეიძლება სულაც არ იყოს სწორი.

„ვარსკვლავთა მბოძებელი“ შიშის ყინულივით ლღობაზე და გვერდით მყოფი ადამიანისგან მაგალითის აღებაზეა.

მსუბუქი საკითხავია, ჰოლივუდის ნებისმიერი რეჟისორი თუ სცენარისტი მსუყე ნადავლად რომ ჩაიგდებს ხელში და მშვენიერ მელოდრამასაც გამოაცხობს. აქ ვერ იპოვით ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებს და რთულად წასაკითხ წინადადებებს, ორ-ორჯერ რომ ჭირდება მიბრუნება. აქაურ ამბებს ალბათ იმ გულუბრყვილო იდეალიზმის, სიმამაცის გამო თუ დაუბრუნდებით, რომლებიც თავისი სიმსუბუქით უფრო ზღაპარს მოგაგონებთ, მაგრამ პრობლემების სიმძიმით მალევე ჩამოგსვამთ ღრუბლებიდან. ეს წიგნი ძალიან ჰგავს ქართულ საზოგადოებასაც, სადაც რამდენიმე წლის წინ, მშობლები შვილებს ჰარი პოტერის კითხვას უშლიდნენ, დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“-ს დასაწვავად კი კბილებს ილესავდნენ.

ეს წიგნი ელისზე, მარჯერიზე, იზიზე, სოფიზე და ყველა იმ ადამიანზეა, ვისაც სჯერა, რომ დიდი და პატარა კარგი საქმეები არ არსებობს და ცვლილებები ჯერ კენჭის ოდენაა, მაგრამ თუ არ გაჩერდები, კენჭების წვიმად იქცევა.
ყველა დიდი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება და როგორც ერთ ჩემს საყვარელ სიმღერაშია – All good people read good books Now your conscience is clear.



Start typing and press Enter to search