კავშირგაბმულობის პოეტი

“რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?”

ზვიად რატიანი

არასდროს მდომებია ჭოკითმხტომელობა, მაგრამ ერთხელ სასწაული ჩავიდინე. წიგნის ფესტივალზე რამდენიმე, ჩემზე ორჯერ უფრო ასაკოვან და სამჯერ უფრო ფერხორციან ქალბატონს გადავახტი თავზე და სტენდთან მდგომ დაბნეულ ბიჭს პირდაპირ მუჭში ჩავუტენე ოცლარიანი. პარალელურად, მეორე ხელით წიგნები ჩავბღუჯე და ამაყად გამოვაცხადე,  ორივე მომეცით მეთქი. ამასობაში, ზემოთხსენებული ქალიდან ერთ-ერთმა უხეშად მკითხა, ორი ერთნაირი წიგნი გინდათო? დიახ, მინდა.

ახლა ბიჭს მივუბრუნდი. რამდენი ხანია ვეძებ, სად იყო ეს წიგნები აქამდე? დალაგებისას ვიპოვეთ და წამოვიღეთ, იქნებ ვინმემ იყიდოსო.

ეს „იქნებ ვინმე“ ვიყავი მე – ბედნიერი რომ მოვაბიჯებდი დიდუბის პავილიონიდან. სახლში მისვლისთანავე მივწერე ჩემს მეგობარს პოლონეთში – (აბა, ყველაზე მოუთმენელ ადამიანს სიურპრიზების გაკეთების ნიჭი და უნარი ვინ მომცა?!)  იცი, რატიანის წიგნი ვიყიდე ჩემთვის და შენთვის. მოკლედ, იმ სიხარულს აღარ ავღწერ. დიდი ამბავი იყო. 2005 წელს გამოცემულ წიგნს რომ 2013-ში იყიდი, კია სასიხარულო. თანაც, ზვიად რატიანის წიგნებს საკმაოდ დიდხანს ვეძებდით მე და მეგობარი გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებში. მერე მეგობარმა იპოვა ერთი ეგზემპლარი, მე „ნეგატივში“ ლექსების კითხვა ვერ მოვახერხე და ასე ინტერნეტში თუ ვიპოვიდი ხოლმე ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

ვინც ზვიად რატიანის შემოქმედებას ადევნებს თვალს, ეცოდინება, ჩუმად ცხოვრება უყვარს. საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, ლექსების უმეტესობა თაყვანისმცემლების დადებულია ინტერნეტში, გადაცემებში მას ვერ ნახავთ, (გიორგი კეკელიძის გადაცემა მახსენდება მხოლოდ) ლიტერატურულ თავყრილობებზეც იშვიათად დადის. მე თუ მკითხავთ, ასეა კარგი. დაჯდები შენთვის სახლში, გახსნი ჯადოსნურ ყუთს, კომპიუტერი რომ ჰქვია, ან გადაშლი უკვე გაცრეცილ წიგნს და კითხულობ, ყოველ წაკითხვაზე სხვა არის, ან ხანდახან ბრუნდება ის ძველი ემოცია, დიდი ხნის მონატრებული. მარტო შენ და ლექსები ხართ და შეგიძლია ათასჯერ ნაფიქრი ათასმეერთედ გადაიფიქრო და თქვა, არა ამ ფრაზაში ამას კი არა ალბათ იმას გულისხმობდაო.

მოკლედ, არ მიყვარს საღამოები სადაც თავისუფლად შეუძლიათ წამოდგნენ და იყვირონ – ზვიადი, ზვიადი, ზვიადი… ალბათ ბავშვობისდროინდელი მიტინგების შიში მაქვს გამოყოლილი. არც ის მიყვარს დაახლოებით ასეთ კითხვებს რომ სვამენ – „რა იგრძენით ამ ლექსის წერისას?“, მაგრამ დიდხანს ფიქრის მერე გადავწყვიტე მაინც წავსულიყავი „ლიგამუსში“ ზვიად რატიანთან შეხვედრაზე. სხვა თუ არაფერი, ერთხელ მაინც ხომ უნდა ნახო ის კაცი, შენს საყვარელ ლექსებს რომ წერს.

ბევრი ხალხის მიუხედავად, მაინც შინაურული გარემო იყო, ცოტა გადაპრანჭვით და ეს ალბათ ნორმალურია, მკითხველები ხშირად აწონებენ თავს პოეტებს, ალბათ პირიქითაც ხდება. ცოტა ჩვენ ვილაპარაკეთ, ბევრი ვათქმევინეთ. მოგვიყვა როგორ მოიარა საქართველო ნიჩბით ხელში და თან იცინოდა –  ადრე პროფესია შევიცვალე, კავშირგაბმულობაში წავედიო. არადა, ახლაც კავშირგაბმულობაშია, ადამიანები ერთმანეთს მისი ლექსებით ელაპარაკებიან და სიტყვებიც უკეთესი გამტარებია, ვიდრე „შნურები“.

ნამეტანი ხმამაღლა დაწერილი ლექსები მაქვსო,  აღნიშნა და ისიც, ზოგი ლექსი რომ მისი აღარ არის. ის ადრე დავწერე სხვა დროსო. იმ ლექსებიდან რამდენიმე ჩემი საყვარელი იყო, მაგრამ მაინც არ წაიკითხა. ერთმა გოგომ სანიშნები აჩუქა, თავისივე ციტატებით. ზვიადს კი არა, მეც გამიხარდა. ზურიკელასი არ იყოს, შენ რაღა გიხაროდაო, არ მკითხოთ.

მეტი რა მოგიყვეთ, ან როგორ? თუ მკითხავთ როგორი კაცია ზვიად რატიანიო, გიპასუხებთ – სამეგობრო. დანარჩენი ლექსებში უნდა წაიკითხოთ. აბა, რა გითხრათ?



Start typing and press Enter to search